საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა, 2025 წლის 7 ნოემბერს, უმასპინძლა მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, 70-ზე მეტმა, საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლისა და კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელმა და მეცნიერმა.

კონფერენციის პლენარულ სხდომას უძღვებოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მან ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე კონფერენცია მე-10 საიუბილეოა და დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო ამ კონფერენციის დაარსებისა და განვითარების ისტორია.

მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია. მან ქვეყნის განვითარებაში ეკონომიკური მეცნიერების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნებისმიერ საქმეში აუცილებელია მოვუსმინოთ მეცნიერებს, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებს. პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას შორის დიალოგის გარეშე ქვეყანის განვითარება შეფერხდება. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კუთხით. თანამედროვე გამოწვევებმა შეიძლება შეცვალოს რეგიონის ეკონომიკური სურათი. დიდი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ მზად დავუხვდეთ სირთულეებს.“ ამასთან, ჯაბა სამუშიამ ისაუბრა განათლების რეფორმაზე, არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, „მთავრობა ჩვენ გვთავაზობს საკითხის მეცნიერული კუთხით შესწავლას და გარკვეული დოკუმენტის შემუშავებას, რომელშიც აუცილებლად უნდა აისახოს რეფორმის ეკონომიკური მხარე. აუცილებელია განათლების რეფორმის ეკონომიკური ნაწილის კარგად გაანალიზება, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინება. ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის უმტკივნეულოდ განხორციელება“. თსუ რექტორმა კონფერენციაზე ეკონომისტებს ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც ჩაატარებს საჭირო კვლევებს, შექმნის აუცილებელ სტატისტიკურ მონაცემებს, გამოყოფს საჭიროებებს.

შეკრებილ საზოგადოებას, ონლაინ ჩართვით, მიმართა ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერ-ეკონომისტმა, თსუ-ის საპატიო დოქტორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი დევიდ საქსმა. მან, ქართველ მეციერებს, გლობალური აქტუალური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის საკუთარი ხედვა წარუდგინა. აქცენტი მაკროეკონომიკურ მონაცემებზე გააკეთა, ხაზი გაუსვა მსოფლიო ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ეკონომიკურ დომინირებაზე, არსებული ტენდენციების ცვლილებებზე, საქართველოს, როგორც პატარა, ამასთან, მნიშვნელოვან გეოპოლიტიიკურ არეალში მყოფი ქვეყნის როლზე და ადგილზე გლობალურ ეკონომიკურ რუკაზე.

პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, მუშაობა გაგრძელდა სექციებში. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 12 სექცია. დღის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, რითაც მე-10 საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა.

 

თარიღი: 07/11/2025